ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას პასუხისმგებლობას ორივე პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეზე ანაწილებს და ამბობს, რომ "ორივემ უნდა დათმოს". ამაზე მან ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" ისაუბრა.
"ორივე მხარემ უნდა დათმოს, ორივემ უნდა წაიწიოს წინ, არა ჩემთვის, არა ჩემი კარიერისთვის, არამედ ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, მოქალაქეებისთვის, უკეთესი ეკონომიკური განვითარებისთვის.
ეს ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა. ნაცვლად ეგოს უკანა პლანზე გადაწევისა, მათ პოლიტიკური მომენტები უნდა წამოწიონ წინ", - ამბობს კრამონი.
მანამდე, მან თქვა, რომ თავიდანვე ისურვებდა, არ ყოფილიყო ოპოზიცია ბოიკოტში:
"მე ყველა კოლეგას მოვუწოდებდი, შებრძანებულიყვნენ და დაეკავებინათ სავარძლები პარლამენტში. მე, როგორც ევროპარლამენტარი, ვიმუშავებ რეალურ პარლამენტარებთან. ბოიკოტი არაა გამოსავალი. მე თუ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში და არ შევდივარ პარლამენტში, არ ვიკავებ სავარძელს, მაშინ რატომ მომცა ხმა ამომრჩეველმა, რის მიუხედავადაც არ ვიკავებ სავარძელს, რომელიც მეკუთვნის?
ჩვენ გიჭერთ მხარს ოპოზიციას, თქვენი უფლებების გაუმჯობესებაში, დახვეწაში, კონტროლში. ესაა ჩვენი სტრატეგია, მაგრამ ბოკოტი ნამდვილად არა გამოსავალი. ის, რომ ქუჩიდან მოხდება გადატრიალება და ხელისუფლების შეცვლა, აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებელია", - ამბობს კრამონი, რაზეც წამყვანმა ჰკითხა:
"ოპოზიციის მხარეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც ეხება 8 მარტის შეთანხმებას, სადაც მათი თქმით, [გიორგი] რურუას გათავისუფლების თემა იყო და ესაა საკითხი, რომელიც 8 მარტის შეთანხმების შემდეგაც გადაუჭრელია, ოპოზიცია ამბობს, რომ ზოგადად, ხელისუფლება პატივს არ სცემს შეთანხმებებს, ესეც არგუმენტია მათ მხარეს, როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე".
კთხვაზე პასუხად კრამონმა თქვა, რომ აქ რურუას თემა არაფერ შუაშია, არამედ, ოპოზიციამ თავად მიიღო ბოიკოტის გადაწყვეტილება და ახლა "თანაპასუხისმგებლობაც" უნდა იკისროს.
"ოპოზიციამ მიიღო ბოიკოტის გადაწყვეტილება და ეუთოს დასკვნის მიმართ მხოლოდ ზედაპირული შეფასებები გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან. რა შუაშია, საერთოდ გიორგი რურუას თემა. ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს თანაპასუხისმგებლობა. პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას.
მათი ამომრჩევლების მიმართ იქნება კორექტული, რომ კომპრომისული ნაბიჯები გადადგან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები შევლენ პარლამენტში და იქ ითანამშრომლებენ.
იმავდროულად, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ ობსტრუქცია არ უნდა მოაწყოს ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა. სხვა ყველაფერი ფუჭია", - თქვა კრამონმა.
ხელისუფლების ნაწილში ევროპარლამენტარი ამბობს, რომ მათი მხრიდან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა პროცესს წინ წაწევდა და მისთვის ქართული ოცნების არგუმენტაცია ამ თემაზე მიუღებელი იყო.
"ვერ ვხედავ, რატომ არ მოაწერა ხელი ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ, პირველ რიგში მათი არგუმენტია, რომ ოპოზიციამ არ მოაწერა. ეს არაა ჩემთვის არგუმენტი. მათი ხელმოწერა ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, მათ შეეძლოთ გამოეხატათ კეთილი ნება და ეს იქნებოდა წინგადადგმული ნაბიჯი. ბევრი ცვლილება და ბევრი კომპრომისი ავტომატურად შევიდოდა ძალაში", - ამბობს კრამონი.
კრამონმა, ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, დანერგოს და განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციები: "ძალაუფლება პარლამენტში უნდა გადანაწილდეს. მაშინ წინ წავიწევთ და ესაა ძირითადი მოთხოვნები ჩვენი გზავნილისა".
ვიოლა ფონ კრამონი, ასევე გამოეხმაურა ევოპარლამენტარების განცხადებას საქართველოსთვიუს დახმარების შესაძლო შემცირებაზე და თქვა, რომ ეს არ ყოფილა ცალკეული აზრები.
კერძოდ, კრამონის თქმით, საუბარია მაკრო-ფინანსური დახმარების შესაძლო შეჩერებაზე, ან შემცირებაზე.
"არ არიან ისინი ცალკეული ევროპარლამენტარები, ცალკეული პარტიების წარმომადგენლები, ჩვენ ვართ თანაპასუხისმგებელი ჩვენს პოლიტიკურ ფრაქციებში საქართველოს დღევანდელ პოლიტიკაზე.
ჩვენ ვღელავთ საქართველოს მომავალზე, როგორ უნდა წავიდეს ყველაფერი, ეს არაა ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი, ესაა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია საქართველოსთან ურთიერთობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე, ამის შესაძლო შეჩერებაზე ან შემცირებაზე".
კრამონის თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპელი მედიატორის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს მხარეებმა ხელი არ მოაწერეს.
მანვე განაცხადა, რომ ევროპისა და ამერიკის ამოცანაა, საქართველომ რეგიონში ლიდერის ადგილი დაიბრუნოს:
"აქ საუბარია საქართველოს მომავალზე. საქართველო იყო აბსოლუტური ლიდერი, იყო სამაგალითო ქვეყანა წლების განმავლობაში და იმ ადგილს ისევ უნდა დაუბრუნდეს, ეს არის ევროპისა და ამერიკის ამოცანა".
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.